Translate

Wednesday, August 13, 2014

Empty With You*



გრ. თავდაჯერებული ბიჭია, იდეალური წარსულითა და სრულიად კატასტროფული აწყმყოთი, მომავლის წინასწარ ჭვრეტა კი არასდროს უცდია. გრ-ს ცხოვრება, როგორც ყოველი ჩვენგანის, საიდუმლოზეა აგებული. მარტო ცხოვრობს მის საყვარელ მოჩვენებასთან ერთად, ლოგინში საცვლით არასდროს იძინებს. გრძელი ფეხები და სახე აქვს. მოჩვენებამ უთხრა ეს კანონზომიერებააო. დიდი ყავისფერი თვალები და გრძელი წამწამები,  კიდევ უფრო ლამაზს ხდის მის ისედაც ლამაზ სახეს. ცხვირი ზევიდან მილისებრი, ბოლოსკენ ოდნავ მსუქანი გრ-ს სიდინჯეს უსვამს ხაზს. ერთი სიტყვით ყველაფერი აქვს რაც დალანდულ-თავდაჯერებულ ადამიანს სჭირდება, რომ ჰქონდეს.
მაგიდასთან მედიდური პოზით დამჯდარა და გაზეთში დაბეჭდილ ხალხს თვალებს უფერადებს. ზოგს კიდევ პასტის წვერით შუბლს უხვრეტს. მისი ერთადერთი ჰობი ეს არის. თავდაჯერებულობა მას მერე შეემატა, რაც სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთების კითხვა დაიწყო. გაიგო დედამიწის მისთვის უცნობი, მაგრამ ვიღაცეებისთვის კარგად ნაცნობი საიდუმლოებები. საიდუმლოებები კი არა ფაქტები. მაგრამ ყოველი ფაქტი ხომ წარსულში საიდუმლო იყო?!
გრ ყავას, ჩაის, რძეს, წყალს ყოველდღესა და ყოველთვეს მხოლოდ ნახევარ ჭიქას სვამს. იცნობს იმდენივე ადამიანს რამდენისთვისაც თვითონვეა უცნობია. თმა ყოველთვის ცხიმიანი ჰქონდა, ამ ბოლო დროს კი სიმშრალე და ფხანა აწუხებს. ექიმებმა უთხრეს, რომ ნერვიულობისა და სტრესის ბრალიაო. ბევრს ცდილობდა თავი აერიდებინა, მაგრამ სტრესი მის ერთადერთ და უახლოეს მეგობარად იქცა. ისეა ჩაფლული მასში, როგორც დილით ადამიანი მის საყვარელ ბალიშში. ბალიშზე გამახენდა და ძილიც ყოველთვის აკლია. დილაობით მოჩვენებას ეჩხუბება  „შენი ძილით იძინე, მე ძილს ნუ მპარავო“.
გრ-ს ახალაც ჟურნალი გადაუშლია და დიდისამბით კითხულობს, თუ რა შეიძლება დაემართოს ჩვენს მიერ გაუაზრებლად დაკოდილ დედამიწას. თუმცა როგორც ზევით გითხარით მომავალზე ვერასდროს ფიქრობს. ვერასდროს! ფანჯრის რაფაზე არნონ გრუნბერგის - „სტატისტები“ დევს. და ისიც იცის რომელ გვერდზეა გადაშლილი. აი, იქ სადაც წერია, რომ მისი საყვარელი პერსონაჟიც მასსავით ვერ იტანს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მის გამო რაიმე ეუხერხულებათ. გრ ტუჩების ცმაცუნით იმეორებს იმ ფრაზას რისი თქმაც შეიძლება დღეს მოუხდეს. ბუტბუტებს. მერე ტონს ცვლის და ხმამაღლა, დინჯად ესაუბრება საკუთარ თავს. შემდეგ სარკესთან მიდის და ისეთ მიმიკას იღებს, როგორიც ამ ფრაზის წარმოთქმისთვისაა საჭირო.


კარადას აღებს და მის საყვარელ ზოლებიან ბოქსერს იცმევს. შარვალსაც მის საყვარელს იცმევს,  პერანგს არცთუ ისე საყვარელს, მაგრამ სარკეში მაინც კარგად გამოიყურება. კარადიდან მოჩვენება გამოდის და გრ-ს ლოყაზე კოცნის.
-დილა მშვიდობის ბატონო ასფურცელა
-კიდევ მომპარე ხომ ძილი?
-კი. ყავა გინდა თუ ჩაი? მე ჩაი. ოღონდ თეთრი თაფლი რომ გაქვს ის ჩამისხი.
-რომელ ჭიქაში?
-ჩემი სურათი რომ ახატია
წინა დღის ადუღებული წყალი მოჩვენებისსახიან ჭიქას ბოლომდე ავსებს. თაფლი ცივ წყლში არათაფლურად ისხმება. გრ თითით წყვეტს თაფლის ძაფს და ენის წვერით ლოკავს კოვზს.
-ვერ ვიტან ეგრე რომ აკეთებ
-ვერც მე
-მაშინ რატომ აკეთებ?
-ჩვევა მაქვს
-ხოდა გადაეჩვიე
-მიდი დალიე
-სად მიდიხარ
-ქუჩაში
-არ მითხრა, რომ ისევ ვიღაცეების პორტრეტები უნდა ვხატოო?
-ოოოჰ
-ვის რაში სჭირდება?
-არც არავის ვაჩვენებ მერე
-გგონია რომ შენი კარიკატურები სტრესისგან გიხსნის?
-მგონია. გუშინ ის ლამაზი ქერა გოგო რომ დავხატე და გვერდით მისი ნამდვილი სულიც რომ მივუხატე დროებით შემეშვა. ხვდები? დღეს კიდევ ბევრს დავხატავ. გუშინ თითები არ მემორჩილებოდა, მაგრამ მაინც ვხატავდი. მხოლოდ რამოდენიმე პორტრეტზე ვიგრძენი შვება. ვააბშე, ყველას სულს მუღამი ვერ დავუჭირე და ისეთი ვერ დავხატე როგორებიც სინამდვილეში ყოფილან. ყურიდან ლოყამდე და თვალებ-ცხვირს უნდა მიკროსკოპული დაკვირვება.
-ასფურცელა კი არადა, სამყურად გადაიქეცი
-ხვდები რომ შენც ჩემის სტრესის ნაწილი ხარ? თუ ერთად შეკარით პირი?
-რატომ გგონია რომ შენს წინააღმდეგ არის ყველაფერი?
-იმიტომ რომ ყველაფერი ნამდვილად ჩემს წინააღმდეგ არის და ახლა შენნაირი არაფრებიც მათ შეუერთდნენ.
მოჩვენებამ ჩაი ერთი მიყუდებით დალია და აბაზანაში შევიდა.

გრ-ს ყველა ფეხსაცმელი ცხვირზეა გადახეხილი. შარვლები კი კოჭებთან უცვდება. გრ ჩარლი ჩაპლინივით დადის.
#33 ბინის კარი მძიმედ გაიღო და ბატონი სამყურა კიბეებს დაუყვა. დაავიწყდა ფანქრისა და ფურცლების აღება. ყველაფერი მოჩვენების ბრალია.
-ყოველთვის ტვინს მირევს, უარყოფითით მავსებს. ისიც და ყველა. ხვალ ჩაის აღარ დავალევინებ. იმ ჭიქასაც გადავაგდებ.
გაბრაზებული გრ ყოველთვის ემოციური არის საკუთარ თავთან. ცუდ გეგმებს ხშირად სახავს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის გაბრაზებული.


სახლში მიბრუნდა და მაგიდიდან საჭირო ნივთები აიღო. მოჩვენება იქვე სავარძელში გაშოტილიყო და სიგარეტს აბოლებდა.
-ხომ გითხარი ნუ ეწევი ჩემს სახლში მეთქი
-მიდი წადი პორტრეტები დახატე.
-ნეტა შენ რა გესმის, უფერო და უგრძნობო არარეალობავ.
-სამყურავ მე შენი რეალობა ვარ.
-ვიცი! ვიცი! ვიცი!
გრ გარეთ გავიდა, სტრესმა სადარბაზოდან გასვლის წამს ისკუპა მის სხეულში.
ზვავი და ტორნადო ფიქრებისა და ოცნებების ერთად დაატყდა თავს.
ფიქრობდა ერთადერთ პიროვნებაზე რომელთანაც შეხვედრა ყველაზე მეტად სურდა. ნეტა მის პორტრეტს როგორს დახატავდა?! ალბათ თავს მოიტყუებდა. სულს უფრო ლამაზს დაუხატავდა ვიდრე პირსახეს.
მოჩვენებამ ფანჯრიდან გადმოსძახა.
-ქურთუკის აღება დაგავიწყდა, ამ საღამოთი ეციება
გრ-ს ხაკისფერი ქურთუკი თავზე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ არ სციოდა მაინც ჩაიცვა და ბალოტისფერი, გაურკვევლი ფორმის სათვალეებიც გაიკეთა, ქურთუკის ჯიბეში რომ დარჩენოდა წინა დღეს.
ავტობუსის გაჩერებამდე ფიქრებსა და ოცნებებს დავიწყებოდათ მისი არსებობა. მაგრამ როდესაც სკოლის ზარის ხმა მოესმა, თავი ისევ გაევსო. ტირილამდე გაევსო.


20 წუთში ავტობუსიც მოვიდა, მაგრამ გრ ამ სამყაროდან მოწყვეტილ უდროობაში გადავარდნილიყო. რომ არა მოხუცი ქალი, ავტობუსში ასვლაც კი დაავიწყდებოდა (ბეჭი გაჰკრა შემთხვევით).
ავტობუსი ასფალტზე მიცურავდა და პორტში ზუსტად ნახევარ საათში შევიდა.
გრ იმ სკამეიკაზე დაჯდა სადაც ჩვეულებრივ ჯდებოდა, რომ ადამიანების სახეები ეხატა. აიღო ფანქარი, ფურცელი და პირველი პორტრეტის ხატვა დაიწყო.
თავი უსკდებოდა. კონცენტრაცია იყო რასაც ყველაზე მეტად ინატრებდა. დღევანდელი დღე მოჩვენებამ აურია.



მწვანე ქურთუკიანი ბიჭი მის პირდაპირ იჯდა.
გრ-მ კიდევ ერთხელ აიღო ხელში ფანქარი.
წვრილი, ოდნავ ქოსა სახე, ლოყები შეყრილი და თვალები ცისფერი. თმა გვერდზე სანიმუშოდ გადავარცხნილი.  
ტრივიალურია, ზედმეტად ტრივიალური. სულის დახატვას აზრი არ ჰქონდა.
გაბრაზებული წამოდგა სათვალეები ისევ გაიკეთა, ვაითუ ტკივილისგან ცრემლები წამომივიდესო. ფეხით ჩაუყვა გრძელ დაღმართს და პატარა სკვერში ლამაზ სკამეიკაზე მოიკუნტა.  ძილმა პატრონი იოლად იპოვა, წამწამებზე ჩამოაჯდა და არამიწიერისაკენ ააორთქლა.
ტკივილისფერები გაქრა, და სახეზე მისი ლამაზი თითები შეეხო, თუმცა ისიც კარგად იცოდა რომ ეძინა.
ნაგვის მანქანის ხმამ გამოაფხიზლა. ბინდდებოდა. ძლივს წამოიზლაზნა სკამეიკიდან. ხერხემალი და კისერი საშინლად ტკიოდა, მაგრამ გადავსებულ თავის ტკივილს ნამდვილად სჯობდა.
ფეხით გადაჭრა გზა და მოპირდაპირე მხარეს მდებარე, კაფე „ჯანქი“-ში შევიდა. ჯიბიდან კოლოფი ამოიღო. 2 თეთრი აბი ჯერ ხელის გულზე, შემდეგ კი ენის წვერზე დაიდო და არყით სავსე დიდი ჭიქით დალია. ბარმენს ფული იმავე ჭიქაში ჩაუდო და გარეთ გავიდა.


ბევრი ფერები მოაწყდა მის თვალებს. მისი საყვარელი ქუჩისკენ წავიდა, ყველაზე გრძელი და წყნარი რომ იყო. გულის იმ ნაწილში სადაც საიდუმლოს ვმალავთ, იმედის ნასახი ჰქონდა, რომ მას ნახავდა.
ფერებმა ყველაფერი უფერულად უქციეს. სათვალეები ისევ გაიკეთა, მაგრამ ამჯერად ტკივილისგან ცრემლები მაინც წამოუვიდა. კაპიშონი დაიფარა. წელში მოხრილი, ჩარლის  სიარულის მანერით ქუჩას სწრაფად აუყვა.
თავ-ჩაღუნულმა, თავი შემთხვევით ასწია. არ დაუჯერა გულის იმ ნაწილს. არც თვალებს დაუჯერა.
-ჰეი, როგორ ხარ?
პასუხი არ გაუცია
-რას შვები რა არის ახალი?
-თავი მტკივა
-კარგად ხარ? რა გჭირს?
გრ. გაოცებული იყო მისი პირსახით, მისი სილამაზით, მისი სურნელით.
-სავსე მაქ თავი
-ნასვამი ხა...
გრ პირდაპირ ტუჩებში ეცა და აკოცა. შემდეგ მოეხვია  რათა მისი  სურნელით დამტკბარიყო.  ის ყურში რაღაცეებს ეუბნებოდა, ხმაში წყალშეპარულივით. გრ-ს მხოლოდ გაურკვევლი ბგერები ესმოდა, თავიც ცარიელდებოდა. სულ-სულ ბოლოს, თავისუფალი თავითა და ყურებით რამოდენიმე ბგერა გაარჩია.
-...... ვიცოდი
გრ-ს მკლავები მოუდუნდა, საკუთარ თავს დაუბრუნდა, შეხედა მას სახეში. თავი ისევ ცარიელი ჰქონდა. გაეცინა, სიცილს ხარხარი მოჰყვა. შემდეგ გაუაზრებლად მას ხელი ჰკრა, პირდაპირ მკერდში. წაბორძიკებულმა კედელთან თავი ძლივს შეიკავა. გრ მივიდა და ხელი ისევ ჰკრა. ისევ იცინოდა. შემდეგ დასერიოზულდა, ის ფრაზა ზუსტად იმ მიმიკითა და ტონით წარმოსთქვა, როგორითაც ბოლო დღეებია ვარჯიშობდა.
გრ-მ სათვალეები მოიხსნა, კაპიშონი გადაიძრო და ისევ ჩაპლინისეული  მოძრაობით  ქუჩის იმ მხარეს წავიდა, საითაც თავიდანვე მიდიოდა. შენობის კედლები გვერდით მიჰყვებოდნენ, თითქოს გაოცებულები იყვნენ მისით და აპლოდისმენტებსაც უკრავენ ბატონ ასფურცელასო. ყოველშემთხვევაში გრ-ს ასე ეგონა. ის რაც ყველაზე ცხადი იყო, ქარი და თოვლი ქურთუკში  ნამდვილად ვერ ატანდა.


მოჩვენებას აწი არასოდეს დაუშლის  სახლში სიგარეტის მოწევას და მუდამ თბილი წყლით გაუკეთებს ჩაის. თვითონაც ყავას, ჩაის, რძეს, წყალს ყოველთის ბოლომდე დალევს.
ბატონი გრ ცარიელი იყო და თითქმის დარწმუნებულიც კი იყო, რომ არასდროს გაივსებოდა.

გრ-ს საყვარელი ქუჩიდან რამოდენიმე კილომეტრში, არნონგ გრუნბერგის ქუჩაზე მდებარე 28 სართულიანი სახლის  #33 ბინაში,  მოჩვენებას ბარგი ჩაელაგებინა. #23 ბინაში გადადიოდა საცხოვრებლად.

*
I haven't wasted a thing except my time,
Forget the treasures we burned because we'll be just fine
I try to take off my head sometimes
because I can't escape for the life of me,
I haven't lost anything except my mind.


*Original Lyrics by The used