რამდენი რამ გვაქვს
მოსაყოლი ადამიანებს. როგორ არ ვცდილობთ, ყველაფერი ისე ვთქვათ როგორც გონებაში გვაქვს, მაგრამ არაფერი გამოგვდის.
ბოლოს მაინც ძირითადი, რამოდენიმე სიტყვით ვამბობთ ჩვენს სათქმელს, დანარჩენი კი წარმოუთქმელი
გვრჩება. ვერ გავექცევით იმასაც, რომ ყველას ყველასი ეშინია. ვითრგუნებით ერთმანეთით
და ბოლოს აგურებით ამოშენებულ ურთიერთობებს ვიღებთ. განუწყვეტლივ ვფიქრობთ, თუ როგორ
მოვიქცეთ და ბოლოს ისე გამოდის რომ საერთოდ არ "ვიქცევით". დილიდან დაღამებამდე
უამრავი აზრი გაგვივლის თავში. უამრავიდან მხოლოდ რამოდენიმე თუ გადარჩება, დანარჩენს
კი ქვეცნობიერში ჩავკლავთ და დავლექავთ. დრო გავა, რაღაც ძალით ქვეცნობიერი აიმღვრევა,
თითოეული მკვდარი აზრი თავს შეგვახსენებს, მაგრამ ამჯერად უკვე დეჟავუს სახით.
ხალხი დაფრინავს,
დაცურავს, ეძებს და ისრუტავს. სწორედ, უკანასკნელ ფუნქციას იყენებენ ყველაზე ხშირად.
სულ სხვების შესრუტვით არიან დაკავებულნი. ნუთუ ვერ ამჩნევენ რომ მტვერსასრუტებად გადაიქცნენ?!
ალბათ ვერა, რადგან მტვრის-ჩანთის ნაცვლად ტვინები აქვთ გასავსები.
ტვინს კიდევ რა გაავსებს?! გეკითხები და პასუხს ნამდვილად არ ველი.
პასუხს არავისგან,
არასოდეს ველი.
იმიტომ რომ პასუხი
მათი არჩევანია, კითხვა ჩემი (იშვიათად ვსვამ ხოლმე).
ბაყაყები და ნიანგები
მწვანეები არიან და მოსწონთ თავიანთი გარეგნობა.
ტვინის გავსებაზე
იოლი არაფერია, მაგრამ ერთ დღეს გაავსებ, მეორე დღეს კი ისევ ცარიელია.
რას გაუგებ? უნდა ვაღიარო დიდი უცნაური გამოგონებაა. ალბათ მომავალში ისეთ აპარატურას
შექმნიან, რომელიც ტვინს დაბადებიდანვე გაავსებს ძირითადი ინფორმაციით, რათა ზრდის
პროცესის დროს ყველაზე მყარ და ძლიერ მდგომარეობაში მყოფმა ტვინმა უფრო რთული და საჭირო
რამ შეიმეცნოს, ვიდრე დედისა და მამის გარჩევა, ფერებისა და მათემატიკა-ფიზიკის სწავლა
იქნება.
ჰალუცინაციაა,
მაგრამ ადამიანები ჩემი მეგობრები ვერ არიან. მაგრამ მე მყავს მეგობრები. დიახ, მე
ვარ მათი მეგობარი. მეგობარი და კედელი თითქმის ერთნაირი სიტყვებია. ორივეს შეიძლება მოედოს ხავსი. ოხ, ეს რიტუალები.
რიტუალი ვიცი
ორგვარი: კაცობრიობისა და სამყაროსეული.
კაცობრიობის რიტუალი:
მოვითხოვოთ ყველასგან იყოს ისეთი, როგორიც თავად გვსურს.
თუ ეგრე არ მოხდა
ანათემას გადავსცეთ, ბოროტად ან შეურაცხადად გამოვაცხადოთ. ქრისტეს დაბადებამდე და
დაბადების შემდეგ ძალუმად განაგრძობენ ამ რიტუალის კიდევ უფრო დახვეწასა და გამკაცრებას.
წლები გავიდა, ფიქრი შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ დაფიქრება, რადგან მიხვდებიან რომ თვითონაც სხვების მიერ გამართულ
რიტუალში მონაწილეობენ.
ტილი, რწყილი,
ადამიანი,ღორი.
ყველაფერი ერთმანეთთან
გაცილებით ახლოს დგას, ვიდრე ჩვენს ნისლიან გონებას ჰგონია. გონებას, გონება ვიღაც
იდიოტმა დაარქვა. გონების მაგივრად მაცივარი სჯობდა დაერქმია ან თუნდაც რვეული. მაგრამ
ახლა ხომ ვეღარ შევცვლით, იმიტომ რომ სინათლე განათებული ბნელია.
გაოცებისგან ყბა
ყველას ჩამოგვვარდნია. თვალებიც დაგვიპრაწავს. ეს იმიტომ, რომ ჩვენნაირებმა შეძლეს ის
რაც შეუძლებელი გვეგონა. მე მინდა, ამ ყველაფერს რიტუალის ჩაშლა დავარქვა, მაგრამ შეუძლებელია.
სამყაროსეული
რიტუალი: ქვაბში მოვათავსოთ ახალდაბადებული ადამიანი (რაც მეტი უკეთესი), ვხარშოთ მაღალ
ტემპერტურაზე, კანის გადაძრობის შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან, შევდგათ მაცივარში, გავაჩეროთ
16-21 წელი. გამოვიღოთ და ვუყუროთ!
დამპალი ვაშლი
ყავისფერია.
როგორც ვამჩნევ
უჩინარ სკამზე ვდგავართ. თავები ყულფში გვაქვს გაყრილი. ეს ყულფიც უჩინარია, მაგრამ
მოვა დრო, როცა სკამიცა და ყულფიც ნამვილად გადაიქცევა. სკამი წაიქცევა, ყულფი კი ჩვენი
სიმძიმით გაიჭიმება. მერე, კიდევ ყველაფერი მოკლედ მოგვეჩვენება. არადა მთელი ცხოვრება
ამ სკამსა და ყულფს დავათრევთ(შარშან, შარშანწინ, გაისად(იმედია) ყვეგან, ყველგან).
ლოგინში აზრები
გაუთავებლად და ისედაც მოგვდის. რაც არ უნდა ვქნათ სულ თან დაგვყვებიან. აზრებით ვიკვებებით, საჭმლით მხოლოდ ვსულმდგმულობთ. საჭმელი დაბადებიდან
დანიშნული რეცეპტია, რომლის გარეშე ავადმყოფობას, სახელად „სიცოცხლეს“ ვერ გადავურჩებით.
რამდენი მედიკამენტი გვიჭამია კაცი ვერ მოთვლის.
დილით, რიჟრაჟზე
ცას ახლად-დაბადებული სამყაროს ფერები გადაეკრება,
მაგრამ მალე ბერდება. ამ ყველაფერს კი ზუსტად ოცდაოთხ საათში აღწევს. ჩვენ კი ოცდაოთხი
საათი არასაკმარისად გვეჩვენება.
ჩემს სახურავზე
უამრავი მოჩვენება ბინადრობს. ყოველ ღამით მსტუმრობენ, მესაუბრებიან ოღონდ არა თავიანთ
პრობლემებზე. სიზმრებს ყოველთვის ძალიან კარგს ვხედავ... მოჩვენებებთან ურთიერთობა
ხომ გაცილებით ადვილია! უფრო მაგარი ის შეგრძნებაა, სიზმარში მთვრალი რომ ხარ ან კაიფში.
ეგ არის ცხოვრება თუ კაიაააა! სიზმრიდან-სიზმარში
ისე გადავხტები, როგორც ბავშვობაში ერთი ქვის ფილიდან, მეორეზე ვხტებოდი.
სურათის გადაღებაც
იოლია, მაგრამ კადრს ვიღაც ან რაღაც ყოველთვის აფუჭებს.
სურათებში ბედნიერი
უფრო ბედნიერი ჩანს, უბედური კი უფრო უბედური.
ან პირიქით ბედნიერი უბედურია და უბედური ბედნიერი. თვალები ყოველთვის თვალებად რჩება.
ზოგჯერ დახუჭული.
ოკეანე მწვანეა,
შეიძლება მწვანისფერი ცისფერი, მაგრამ ცას რომ არ ჰგავდეს, მწვანე შარვლით მოძრაობს.
შარვალები ძალიან მიყვარს, ჩემი ფეხსამოსები კი უფრო მეტად. ზუსტად ფეხსამოსია ის მაგია,
რომელიც სულში აკვარიუმს მიდგამს და ბედნიერი თევზები ფილტვებში ჟღურტულით დასრიალებენ.
შენობაში ჯდომა
კარგს არაფერს მოგვიტანს. ისევ ჩვენს ქვეცნობიერს თუ ავამამღვრევთ.
ხოდა...
კედლები და ფანჯრები
თითქოს მეგობრები არიანო. მაგრამ რა ვიცი?! მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთის გვერდით
დგანან, მე მათ მეგობრებად ვერ ჩავთვლი. ერთი ცდილობს მეორის კომფორტი ჩაახშოს და პირიქით.
ასევე მგონია ადამიანების შემთხვევაშიც. ვიცი, რთული არის გააზრება, მაგრამ ყველას
გვყავს ისეთი მეგობარი, რომელიც უფრო მეტად გვეზიზღება ვიდრე გვიყვარს. კედლისა და ფანჯრის
შემთხვევაში მე კედელი ვიქნებოდი.
კედლები სიმაგრეა,
რომელიც ადრე თუ გვიან იშლება. ფანჯრები, კედლებს შიგნით არსებულს აფერადებს, მაგრამ
პატარა ქვითაც შეიძლება ჩატყდეს და ხვრელი გააჩინოს შინაგანსა და გარეგანს შორის.
დინამიკები რომ
გაყვირიან, ფანჯრები შიშით ცახცახებენ.
ღმერთი რომ ვყოფლიყავი,
ჩემს პიროვნებას არ დავბადებდი. მარტივად, ვინმე რეჟისორის ფანტაზიით გადაღებული ფილმის
სახით ვუყურებდი მომავალ ცხოვრებას. ეს ყველაფერი კი მაქსიმუმ 3 საათი გაგრძელებულიყო.
თან ყურებისას, მარტო თვალები მეტკინებოდა! ყველა ჩვენგანის ცხოვრება უაზრო, ერთ ადგილზე
გაყინული დრამაა. ერთნაირი დასაწყისით და დასასრულით, შუა ვის რაში აინტერესებს?!
ყველას საკუთარი
ნაგვის გატანა ეზარება.
მოხიბლული ვარ!
სახლში ძველი
ტელეფონი მიდგას. სულ შავია და თეთრი კაბელი აქვს. მძიმე ყურმილს ყურთან მივიდებ ხოლმე,
პირში სიგარეტს გავირჭობ. თავს დონ კორლეონედ წარმოვიდგენ. მერე დიდხანს ვესაუბრები
ჩემს ნათლულებს. დავალებას ვაძლევ. თითოეულს რამოდენიმე კაცის მოკვლას. მერე კი
მშვიდად ველოდები საპასუხო ზარს, რომ ბრძანება შესრულდა.
მოჩვენებით კვამლში გახვეული, მოჩვენებით სიგარეტს,
მოჩვენებით საფერფლეზე ვდებ და მოჩვენებით ფანჯარაში, მოჩვნებით სამყაროს გავცქერი სადაც მოჩვენებითი არაფერია!
მხოლოდ სიცხესა
და სიცივეში, ჩემს სახურავზე მჯდარი მოჩვენებები მაჯერებენ, რომ მეც მოჩვენება ვარ.
მალე მეც მათთან ერთად დავჯდები.
მოჩვენებითი ფანჯრიდან
კვამლი გავიდა.
ტელეფონი რეკავს.
-დონ, დავალება
შესრულებულია
-ტუ, ტუ, ტუუუუუუუუუუუუუუუ
No comments:
Post a Comment