Translate

Saturday, October 20, 2012

Up In the Sky*


(უფრო ჭკვიანი)

გაგაცინებთ და გეტყვით, რომ მფრინავ სახლში ვცხოვრობ. არავინ და არაფერი მაწუხებს, სრულიად უპასუხისმგებლო ვარ(ამ სიტყვის ყოველგვარი გაგებით). დროდადრო ჩიტები მსტუმრობენ. ფანჯრის რაფაზე შემოჯდებიან და ღრუბლებს ჩემთან ერთად უყურებენ. როცა თავს გულკეთილად ვგრძონობ, პურის ნამცეცებს ვუყრი ხოლმე.
საკუთარ თავს ხშირად ველაპრაკები. არა, გიჟი ნამდვილად არ ვარ...
გულახდილი მინდა ვიყო, მაგრამ არ გამომდის. ძალიან რთულია.
ჩიტებზე გიყვებოდით, ძალიან უცნაური არსებები არიან. არ იცი მოფრინდებიან, თუ გაფრინდებიან. მაღიზიანებენ. როდესაც საჭმელს დავუყრი, ნისკარტის კაკუნით გულს აწვრილებენ(სწორედ ამიტომ არ ვუყრი ხშირად).


ჩიტებზე საუბარი ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია. მოდი, ჩემზე მოგიყვებით. სიმაღლე და თმის ფერი ერთნაირი მაქვს. არა, ვხუმრობ. როგორ შეიძლება შავი და 1,71 მეტრი ერთი და იგივე იყოს. ხანდახან მგონია, რომ მარჯვენა და მარცხენა ფეხების ადგილები დაბადების დღიდან შემიცვალეს. დაბადების დღე არ ვიცი როდის მაქვს, არც ის ვიცი რამდენი წლის ვარ (შეიძლება კიდევაც ვიცი). დაახლოებით ვიცი... სადღაც 21-25 წლის შუალედში უნდა ვიყო( სინათლის-მაძებარ ასაკში). საკუთარი ასაკი იმიტომ არ ვიცი, რომ ’’ვიღაცას’’ ჩემი გადარჩენა სურდა. მფრინავი სახლი კი, ამ ყველაფრის დასტურია.
სკოლაში, რომ დავიწყე სიარული, თავი უკვე თინეიჯერი მეგონა. ჭერზე ყურება მიყვარდა, განსაკუთრებით წვიმის დროს. წყლის წვეთები პირდაპირ შუბლზე მეცემოდა (უფრო სწორად მე ვუშვერდი).  ამავდროულად ვხვდებოდი, რომ სხვები ჩემთან შედარებით იდიოტები იყვნენ (ალბათ ჩემი ასაკის გამო). მაშინ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი... შემდეგ კი დავაადდი.
რატომ დავაადდი?


იმიტომ რომ სხვები არც ისე ჭკვიანები იყვნენ. რას ვგულისხმობ? იმას, თუ როგორ არასწორად იგებდნენ ამა თუ იმ მოვლენას, როგორ ცდილობდნენ საკუთარი „ჭკვიანური“ გადაწყვეტილებებით, სხვების სიმპათია დაემსახურებინათ და როგორ ცდილობდნენ გაეყალბებინათ ის, რაც უნიკალური ჰქონდათ. ხომ გეუბნებით იდიოტები იყვნენ მეთქი.
დამეთანხმებით და რთულია მეგობრების ნახვა, მაგრამ უფრო რთული მათი შენარჩუნებაა.  სკოლაში მეგობრობისუნარიანობით ნამდვილად არ გამოვირჩეოდი. პირიქით ნამდვილი მიზანტროპი ვიყავი. რაღაც ახირებით, ყველას ერთი განაჩენი გამოვუტანე და უზარმაზარი ცეცხლი დავანთე მათი სხეულებით, ჭიაკოკონობას. შთაგონება ისტორიის გაკვეთილზე მეწვია, როდესაც ორლეანელი ქალწულის შესახებ მწირი ინფორმაცია მოვისმინე.
დრო გადიოდა. ჩანთა წიგნებით მძიმდებოდა. თვალები კიდევ უძილობით. ხშირად ჩამძინებია მერხზე. ერთ დღეს კი, ძილისას მასწავლებელმა თავში ბოქლომი ჩამარტყა. ალბათ არავის უნდა, რომ ბოქლომის მსხვერპლი რამოდენიმეჯერ გახდეს. განსაკუთრებით მე არ მინდოდა. ამიტომ სახლიდან 5 ლურსმანი წამოვიღე და მერხზე დავაჭედე ისე, რომ ზედ თავის დადება შეუძლებელი ყოფილიყო. ეჰ, ზედმეტად ჭკვიანი ვიყავი.
ქუჩაში, შეუმჩნეველი ვიყავი. ყველა მეჯახებოდა. თავიდან მეგონა ეს დაჯახება რაღაც ახალი წესია მეთქი და მეც დავიწყე ბეჭის გაკვრა ხალხზე. რამოდენიმემ, რომ სიფათი გამილამაზა, იმ დასკვნამდე მივედი, რომ წესები არასდროს დამეცვა.


გაბრაზებულ გულზე გადავწყვიტე შესამჩნევად მევლო. წითელი შარვალი ჩავიცვი, ბინძური შლაპა დავიხურე და მეზობლისგან მოპარული, ძალიან შორს მხედველი ადამიანის სათვალეები გავიკეთე.
შემდეგ უკვე არავინ დამჯახებია...
რაც მართალია, სათვალე ნამდვილად არ მიხდებოდა!
გავიზარდე. გაიზარდა თვალსაწიერი, ჩემი ნაცნობი ხალხის რაოდენობა და ამავდროულად მათი მოთხოვნებიც. მოთხოვნები ულიმიტოა, სამაგიეროდ ჩემი მიწოდების მარაგი არის ლიმიტირებული.
მე როგორც მიმწოდებელი!
...ხშირად მოვალედ მიგრძვნია თავი და “მე“ შემზიზღებია(რა თქმა უნდა მომთხოვნიც), მიმიწოდებია ისე, რომ მათ მოთხოვნაზე საერთოდ არ დავფიქრებულვარ (ჰუმანურობისდა გამო). ხშირად კიდევ ისე მიმიწოდებია, როგორაც მოუთხოვიათ.
კარგი... თქვენ კითხვასაც გავცემ პასუხს.
მე არ მომითხოვია არასდროს. იმიტომ, რომ მე უფრო ჭკვიანი ვარ.

სანაგვეში არ გადამიყვეს
დავახარისხე, კატეგორიებად დავყავი ყველა და ყველაფერი. ასე უფრო მარტივია... თან შედეგიც მალე დავინახე. მთავარია გვერდზე დიდი სანაგვე ყუთი დაიდგათ.
ადამიანები უნდა დაახარისხო, თუ გსურს, რომ ხარისხიანი იყო.
საგნებიც უნდა დაახარისხო, თუ გსურს, რომ კიდევ უფრო დაჭკვიანდე.
სულ მცირე ოდენობის ახლობელი ადამიანების დახარისხებით გითხრათ რა მივიღე?
1.    ადამიანი რომელიც ნეგატიური ემოციებით მავსებს.
2.    ადამიანი რომელიც უფრო მეტი ნეგატიური ემოციებით მავსებს.
3.    ადამიანი რომელიც მოთხოვნა-მიწოდების კანონის აზრზე არ არის.
4.    ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ ჭკვიანია.
5.    ადამიანი რომელიც ფიქრობს, რომ #4-ზე უფრო ჭკვიანია.
6.    ადამიანი რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანების გამოყენება მარტივია.
7.    ადამიანი რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.
8.    ადამიანი რომელიც გოგლიმოგლია.
ჩემთვის მარტივია იმის აღიარებაც, რომ სანაგვე ყუთში თავადაც  ხშირად აღმოვჩენილვარ.  
რატომ?
-ალბათ იმიტომ, რომ ადამიანის უარყოფითი მხარე თუ არ ვიცით, მაშინ მის დადებითსაც ვერ დავაფასებთ.


პასუხი მარტივი ჩანს, მაგრამ ამ დასკვნამდე მისასვლელად, ბევრი ჩაბნელებული ქუჩის გავლა მომიხდა.
ისევ მოფრინდნენ (ჩიტების ყველა გზა ჩემთან მოდის)... დღეს, უკვე საჭმლის დაყრას აღარ ვაპირებ.... ჩემი მფრინავი სახლით კი გეზს თბილი ქვეყნებისკენ ავიღებ.
დამავიწყდა მეთქვა, რომ სიცივეც მალე მღლის.
სუნთქვა და სიარული.
ღრუბლების ყურებაც კი.
და საერთოდ ძალიან დაღლილი ადამიანი ვარ.



 *Original song, written by Oasis






Thursday, September 13, 2012

ბევრჯერ გადახარშული



რამდენი რამ გვაქვს მოსაყოლი ადამიანებს. როგორ არ ვცდილობთ, ყველაფერი ისე ვთქვათ როგორც გონებაში გვაქვს, მაგრამ არაფერი გამოგვდის. ბოლოს მაინც ძირითადი, რამოდენიმე სიტყვით ვამბობთ ჩვენს სათქმელს, დანარჩენი კი წარმოუთქმელი გვრჩება. ვერ გავექცევით იმასაც, რომ ყველას ყველასი ეშინია. ვითრგუნებით ერთმანეთით და ბოლოს აგურებით ამოშენებულ ურთიერთობებს ვიღებთ. განუწყვეტლივ ვფიქრობთ, თუ როგორ მოვიქცეთ და ბოლოს ისე გამოდის რომ საერთოდ არ "ვიქცევით". დილიდან დაღამებამდე უამრავი აზრი გაგვივლის თავში. უამრავიდან მხოლოდ რამოდენიმე თუ გადარჩება, დანარჩენს კი ქვეცნობიერში ჩავკლავთ და დავლექავთ. დრო გავა, რაღაც ძალით ქვეცნობიერი აიმღვრევა, თითოეული მკვდარი აზრი თავს შეგვახსენებს, მაგრამ ამჯერად უკვე დეჟავუს სახით.
ხალხი დაფრინავს, დაცურავს, ეძებს და ისრუტავს. სწორედ, უკანასკნელ ფუნქციას იყენებენ ყველაზე ხშირად. სულ სხვების შესრუტვით არიან დაკავებულნი. ნუთუ ვერ ამჩნევენ რომ მტვერსასრუტებად გადაიქცნენ?! ალბათ ვერა, რადგან მტვრის-ჩანთის ნაცვლად ტვინები აქვთ გასავსები. ტვინს კიდევ რა გაავსებს?! გეკითხები და პასუხს ნამდვილად არ ველი.
პასუხს არავისგან, არასოდეს ველი.
იმიტომ რომ პასუხი მათი არჩევანია, კითხვა ჩემი (იშვიათად ვსვამ ხოლმე).
ბაყაყები და ნიანგები მწვანეები არიან და მოსწონთ თავიანთი გარეგნობა.
ტვინის გავსებაზე იოლი არაფერია, მაგრამ ერთ დღეს გაავსებ, მეორე დღეს კი ისევ ცარიელია. რას გაუგებ? უნდა ვაღიარო დიდი უცნაური გამოგონებაა. ალბათ მომავალში ისეთ აპარატურას შექმნიან, რომელიც ტვინს დაბადებიდანვე გაავსებს ძირითადი ინფორმაციით, რათა ზრდის პროცესის დროს ყველაზე მყარ და ძლიერ მდგომარეობაში მყოფმა ტვინმა უფრო რთული და საჭირო რამ შეიმეცნოს, ვიდრე დედისა და მამის გარჩევა, ფერებისა და მათემატიკა-ფიზიკის სწავლა იქნება.
ჰალუცინაციაა, მაგრამ ადამიანები ჩემი მეგობრები ვერ არიან. მაგრამ მე მყავს მეგობრები. დიახ, მე ვარ მათი მეგობარი. მეგობარი და კედელი თითქმის ერთნაირი სიტყვებია. ორივეს შეიძლება მოედოს ხავსი. ოხ, ეს რიტუალები.
რიტუალი ვიცი ორგვარი: კაცობრიობისა და სამყაროსეული.
კაცობრიობის რიტუალი: მოვითხოვოთ ყველასგან იყოს ისეთი, როგორიც თავად გვსურს.
თუ ეგრე არ მოხდა ანათემას გადავსცეთ, ბოროტად ან შეურაცხადად გამოვაცხადოთ. ქრისტეს დაბადებამდე და დაბადების შემდეგ ძალუმად განაგრძობენ ამ რიტუალის კიდევ უფრო დახვეწასა და გამკაცრებას. წლები გავიდა, ფიქრი შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ დაფიქრება, რადგან  მიხვდებიან რომ თვითონაც სხვების მიერ გამართულ რიტუალში მონაწილეობენ.
ტილი, რწყილი, ადამიანი,ღორი.
ყველაფერი ერთმანეთთან გაცილებით ახლოს დგას, ვიდრე ჩვენს ნისლიან გონებას ჰგონია. გონებას, გონება ვიღაც იდიოტმა დაარქვა. გონების მაგივრად მაცივარი სჯობდა დაერქმია ან თუნდაც რვეული. მაგრამ ახლა ხომ ვეღარ შევცვლით, იმიტომ რომ სინათლე განათებული ბნელია.
გაოცებისგან ყბა ყველას ჩამოგვვარდნია. თვალებიც დაგვიპრაწავს. ეს იმიტომ, რომ ჩვენნაირებმა შეძლეს ის რაც შეუძლებელი გვეგონა. მე მინდა, ამ ყველაფერს რიტუალის ჩაშლა დავარქვა, მაგრამ შეუძლებელია.
სამყაროსეული რიტუალი: ქვაბში მოვათავსოთ ახალდაბადებული ადამიანი (რაც მეტი უკეთესი), ვხარშოთ მაღალ ტემპერტურაზე, კანის გადაძრობის შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან, შევდგათ მაცივარში, გავაჩეროთ 16-21 წელი. გამოვიღოთ და ვუყუროთ!
დამპალი ვაშლი ყავისფერია.



როგორც ვამჩნევ უჩინარ სკამზე ვდგავართ. თავები ყულფში გვაქვს გაყრილი. ეს ყულფიც უჩინარია, მაგრამ მოვა დრო, როცა სკამიცა და ყულფიც ნამვილად გადაიქცევა. სკამი წაიქცევა, ყულფი კი ჩვენი სიმძიმით გაიჭიმება. მერე, კიდევ ყველაფერი მოკლედ მოგვეჩვენება. არადა მთელი ცხოვრება ამ სკამსა და ყულფს დავათრევთ(შარშან, შარშანწინ, გაისად(იმედია) ყვეგან, ყველგან).
ლოგინში აზრები გაუთავებლად და ისედაც მოგვდის. რაც არ უნდა ვქნათ სულ თან დაგვყვებიან. აზრებით ვიკვებებით,  საჭმლით მხოლოდ ვსულმდგმულობთ. საჭმელი დაბადებიდან დანიშნული რეცეპტია, რომლის გარეშე ავადმყოფობას, სახელად „სიცოცხლეს“ ვერ გადავურჩებით. რამდენი მედიკამენტი გვიჭამია კაცი ვერ მოთვლის.
დილით, რიჟრაჟზე ცას  ახლად-დაბადებული სამყაროს ფერები გადაეკრება, მაგრამ მალე ბერდება. ამ ყველაფერს კი ზუსტად ოცდაოთხ საათში აღწევს. ჩვენ კი ოცდაოთხი საათი არასაკმარისად გვეჩვენება.
ჩემს სახურავზე უამრავი მოჩვენება ბინადრობს. ყოველ ღამით მსტუმრობენ, მესაუბრებიან ოღონდ არა თავიანთ პრობლემებზე. სიზმრებს ყოველთვის ძალიან კარგს ვხედავ... მოჩვენებებთან ურთიერთობა ხომ გაცილებით ადვილია! უფრო მაგარი ის შეგრძნებაა, სიზმარში მთვრალი რომ ხარ ან კაიფში. ეგ არის ცხოვრება თუ კაიაააა!  სიზმრიდან-სიზმარში ისე გადავხტები, როგორც ბავშვობაში ერთი ქვის ფილიდან, მეორეზე ვხტებოდი.
სურათის გადაღებაც იოლია, მაგრამ კადრს ვიღაც ან რაღაც ყოველთვის აფუჭებს.
სურათებში ბედნიერი უფრო ბედნიერი ჩანს, უბედური  კი უფრო უბედური. ან პირიქით ბედნიერი უბედურია და უბედური ბედნიერი. თვალები ყოველთვის თვალებად რჩება. ზოგჯერ დახუჭული.
ოკეანე მწვანეა, შეიძლება მწვანისფერი ცისფერი, მაგრამ ცას რომ არ ჰგავდეს, მწვანე შარვლით მოძრაობს. შარვალები ძალიან მიყვარს, ჩემი ფეხსამოსები კი უფრო მეტად. ზუსტად ფეხსამოსია ის მაგია, რომელიც სულში აკვარიუმს მიდგამს და ბედნიერი თევზები ფილტვებში ჟღურტულით დასრიალებენ.
შენობაში ჯდომა კარგს არაფერს მოგვიტანს. ისევ ჩვენს ქვეცნობიერს თუ ავამამღვრევთ.
ხოდა...

კედლები და ფანჯრები თითქოს მეგობრები არიანო. მაგრამ რა ვიცი?! მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთის გვერდით დგანან, მე მათ მეგობრებად ვერ ჩავთვლი. ერთი ცდილობს მეორის კომფორტი ჩაახშოს და პირიქით. ასევე მგონია ადამიანების შემთხვევაშიც. ვიცი, რთული არის გააზრება, მაგრამ ყველას გვყავს ისეთი მეგობარი, რომელიც უფრო მეტად გვეზიზღება ვიდრე გვიყვარს. კედლისა და ფანჯრის შემთხვევაში მე კედელი ვიქნებოდი.


კედლები სიმაგრეა, რომელიც ადრე თუ გვიან იშლება. ფანჯრები, კედლებს შიგნით არსებულს აფერადებს, მაგრამ პატარა ქვითაც შეიძლება ჩატყდეს და ხვრელი გააჩინოს შინაგანსა და გარეგანს შორის.
დინამიკები რომ გაყვირიან, ფანჯრები შიშით ცახცახებენ.
ღმერთი რომ ვყოფლიყავი, ჩემს პიროვნებას არ დავბადებდი. მარტივად, ვინმე რეჟისორის ფანტაზიით გადაღებული ფილმის სახით ვუყურებდი მომავალ ცხოვრებას. ეს ყველაფერი კი მაქსიმუმ 3 საათი გაგრძელებულიყო. თან ყურებისას, მარტო თვალები მეტკინებოდა! ყველა ჩვენგანის ცხოვრება უაზრო, ერთ ადგილზე გაყინული დრამაა. ერთნაირი დასაწყისით და დასასრულით, შუა ვის რაში აინტერესებს?!


ყველას საკუთარი ნაგვის გატანა ეზარება.
მოხიბლული ვარ!
სახლში ძველი ტელეფონი მიდგას. სულ შავია და თეთრი კაბელი აქვს. მძიმე ყურმილს ყურთან მივიდებ ხოლმე, პირში სიგარეტს გავირჭობ. თავს დონ კორლეონედ წარმოვიდგენ. მერე დიდხანს ვესაუბრები ჩემს ნათლულებს. დავალებას ვაძლევ. თითოეულს რამოდენიმე კაცის მოკვლას. მერე კი მშვიდად ველოდები საპასუხო ზარს, რომ ბრძანება შესრულდა.
 მოჩვენებით კვამლში გახვეული, მოჩვენებით სიგარეტს, მოჩვენებით საფერფლეზე ვდებ და მოჩვენებით ფანჯარაში, მოჩვნებით სამყაროს გავცქერი სადაც მოჩვენებითი არაფერია!
მხოლოდ სიცხესა და სიცივეში, ჩემს სახურავზე მჯდარი მოჩვენებები მაჯერებენ, რომ მეც მოჩვენება ვარ. მალე მეც მათთან ერთად დავჯდები.
მოჩვენებითი ფანჯრიდან კვამლი გავიდა.
ტელეფონი რეკავს.
-დონ, დავალება შესრულებულია
-ტუ, ტუ, ტუუუუუუუუუუუუუუუ


Tuesday, July 17, 2012

1, 2, 3... Save Yourself *




ბუნების აღწერა ხომ სირობაა.
ცას და მიწას ერთნაირი ფერი ედო. ქარი შორი-შორს ქროდა და სახეზე ნაიარევებს მიწვავდა. იქ არსებული ყველა ყვავილის სუნში ჩაკარგული ხეები, აჰყოლოდნენ ამ ქარს და ფოთლების შარი-შურით, ერთმანეთს ჩემზე ესაუბრებოდნენ. ღობეზე, სურო იყო აყოლებული, მის გვერდით ასკილიც ლამაზად გაშლილიყო. მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვიტანდით.
სახლიდან მარტოობა გამოდიოდა. ვიღაც ბიჭი ქურდივით, გარედან უყურებდა სახლში განვითარებულ მოვლენებს. ჩავიარ-ჩამოვიარე, ჩემი ადგილი არსად იყო. თვალები დაბინდული მქონდა, წამწამები თითქოს ერთჯერადი წებოთი დამიწებეს და გახელისას მეგონა ქუთუთუები მეხეოდა. მტკიოდა. ხელი, ფეხი, მუცელი, თავი, ცხვირი, სული. არარეალური სამყაროს შვილი ვიყავი, განვითარებული მოვლენების წინაშე. ჩემთვის წამები ტრაგედიას ქმნიდნენ, წუთები რეალობას, ორივე ერთად ქაოსს. ქარმა ყურში ჩამჩურჩულა.

ჯიბიდან თეთრი ბურთი ამოვიღე და გადავყლაპე... 
ფერები, ფერები ამერია ერთმანეთში, დალტონიზმის სინდრომის და სიამოვნების სინთეზი წამიერად განვიცადე. არარეალური სამყაროს კიდევ უფრო არარეალური კუთხე აღმოვაჩინე, რომელიც არარეუალური სამყაროსთვისაც კი არარეალური იყო. ვიღაც ტიპს ჩავუარე.

გამეცინა, მზემ არ შემაჭყიტა, ფეხები ამერია, გულიც. თავი გამდიდებოდა, თვალებიც, ცხვირიც და პენისიც.
არარეალურმა სამყარომ არ მიმიღო და წიხლის კვრით დამაბრუნა რეალობაში.
მწვანე პატარა ბურთი ამოვიღე ჯიბიდან და იქვე წყაროს წყლით გადავყლაპე.
გული გამიდიდდა, სახე ამეწვა, ფეხები არ ამერია და არც გული, უბრალოდ შემეშინდაა, კუთხეში მოვიკუნტე, თავი ბებერი მეგონა. ავდექი მაგრამ ისევ დავჯექი. ავტირდი, მაგრამ ტირილის ხმაზე გამეცინა, სული ამომივიდა და გული გამისკდა. მაგრამ ერთი ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა და მეორე კიდე გამთელდა. ხმამღლა დავაბოყინე.
წამოვდექი რომელიღაც მაღაზიის ვიტრინას ჩავუარე, დიდხანს ვიყურებოდი შიგნით. მაღაზიაში მყოფებს შუა თითი ვუჩვენე, და მეტროს ჩასასვლელისკენ გავიქეცი.

ამოვარდნილი ცხელი ჰაერი პირდაპირ მუცელში მეტაკა, მერე თმებში გამებლანდა და იქვე გავიშოტე. ვიცინიიიი


ვიღაც გამოსირებულები დამყურებდნენ. ისევ გავიღიმე, უფრო სწორედ ხმამაღლა გავიცინე. ცხვირზე ხელი მოვისვი და სისხლი მდიოდა. თბილი, ბლანტი, არარეალურად წითელი სითხე თითებით გავზილე და პირში გამოვისვი, შემდეგ თმებში შევიზილე.
წამოვდექი. ეოირფტწოფსდლფკჰდსფგდლფკჰგდფლკგფ

სიჩუმე იყო ჩემს გონებაში რასაც ვერ ვიტყვი გულზე, მაგრამ ორივე ყლეზე მეკიდა. აგერ კიდევ ვიღაცამ წამოყო თავი. ეს ჩემი დამპალი სული იყო. რატომ ვერ ჩაიგდო ხმაააა. მოკვდიიი. ბევრჯერ ვცადე გამეჩუმებინდა, მაგრამ ვერ შევძელი.


გული, სულის მეგობარია. ერთი ატყობინებს მეორეს ჩვენს სიკდილს. ჩათლახები.
მეტროს გაჩერებაზე, თვალზე ბინდ-გადაკრული ვიდექი. გელოდებოდი შენ. და მეტროს. ველოდებოდი სიწყნარეს. ველოდებოდი მფრინავ თეფშს, გელოდებოდით და გელოდებოდით, არცერთი არ ჩანდით. გვირაბიდან, მოყვითალო-მოწითალო ფერებმა მამცნეს რომ მატარებელი მოვიდოდა. თავი გადავწიე. ერთი ფიქრი ანა კარენინობა გადავწყვიტე მაგრამ გადავიფიქრე. არ მინდოდა ამ ქალივით მოვმკვდარიყავი. კარები ზუსტად ჩემ ფეხებთან გაიღო.
გვერდით ვიღაც ორი უცნაური ტიპი დამიჯდა. ერთი სუნთქვის დროს ორთქლს უშვებდა მეორეც ორთქლს, ოღონდ ოქროსას. ახლოს მივედი, ოქროს მსუნთქველთან პირისპირ დავდექი და სახე მივუშვირე. ჩემი ფეხები. არანაირი ოქრო არ მომედო. პირველივე გაჩერებაზე ჩავედი.
ჯიბიდან პატარა წითელი ბურთი ამოვიღე და გემრიელად დავღეჭე.
ხალხი გაქრა, აღარც ფერები იყო, აღარც გვირაბი, აღარც დასასრული და აღარც დასაწყისი. ვიყავი მარტო მე.


ნელ-ნელა მივდიოდი... ვტკბებოდი ცხოვრებით? არა. ვტკბებოდი არარსებულით რომელიც მჩუქნიდა ჩემ თავს, და მავსებდა ირმის ნახტომით. იასამნისფერი გამოჩნდა, იცი როგორი იყო? სქელი, მუქი და ნელ-ნელა თეთრ ფერს ერეოდა.
ფეხებზე დავიხედე, თასმები ფერს იბრუნებდა.
სიამოვნება და რეალიზმი, ერთმანეთს შეერწყა. და დავბადე სრულყოფილება.
კონტაქტური ლინზები ამოვიღე... თითი საშინლად ვითხარე თვალში, მაგრამ მხოლოდ ცრემლი წამომივიდა ტკივილი არ მიგრძვნია.
ვიღაც მოკვდა, ვიღაც დასახიჩრდა, ქვეყნები წყალში იძირებიან, პრეზიდენტები ტყნაურობენ, თავმჯდომარეები ანძრევენ, მერსედესმა ახალი მანქანა გამოუშვა.

ვკანკალებ. ორგაზმი მაქვს, მაგრამ სექსის გარეშე. არადა არც დამინძრევია.

იასამნისფერი შავად იქცა, შავი თეთრად, ზეცა მიწად, ფეხი ხელად. თვალები თვალებად.
ვხედავ, გხედავ. შენ გამოჩნდი, მოგყვება გვერდით. ის ორი ტიპია. ჯიბიდან უკანასკნელი, შავი პატარა ბურთი ამოვიღე და მოვკვდი.
ცხოვრება ხომ ნაგავია, მაგრამ ზოგჯერ ნაგავშიც უპოვიათ ოქრო.
არადა ისევ აქ ვარ, ვწერ, გიყვებით, მძულხართ მაგრამ ამავდროულად მიყვარხართ.
ნაბიჯს ვდგამ, მაგრამ ნახტომი გამომდის. გიყვირით მაგრამ გთხოვთ, გეხებით მაგრამ ვერ გრძნობთ.
დამალობანას ვთამაშობთ.
ვიხუჭები
ათამდე ვითვლი,
 თვალებს ვახელ და გეუბნებით:
-ვიხილები და მოვდივარ...
ყველანი გაქრით ისევ და მუდამ
გთხოოოვთ რეალობის კარები ჩაკეტეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ!!!!!
ჩემი შავი ბურთი ახლაც ჯიბეში მიდევს.