Translate

Saturday, October 20, 2012

Up In the Sky*


(უფრო ჭკვიანი)

გაგაცინებთ და გეტყვით, რომ მფრინავ სახლში ვცხოვრობ. არავინ და არაფერი მაწუხებს, სრულიად უპასუხისმგებლო ვარ(ამ სიტყვის ყოველგვარი გაგებით). დროდადრო ჩიტები მსტუმრობენ. ფანჯრის რაფაზე შემოჯდებიან და ღრუბლებს ჩემთან ერთად უყურებენ. როცა თავს გულკეთილად ვგრძონობ, პურის ნამცეცებს ვუყრი ხოლმე.
საკუთარ თავს ხშირად ველაპრაკები. არა, გიჟი ნამდვილად არ ვარ...
გულახდილი მინდა ვიყო, მაგრამ არ გამომდის. ძალიან რთულია.
ჩიტებზე გიყვებოდით, ძალიან უცნაური არსებები არიან. არ იცი მოფრინდებიან, თუ გაფრინდებიან. მაღიზიანებენ. როდესაც საჭმელს დავუყრი, ნისკარტის კაკუნით გულს აწვრილებენ(სწორედ ამიტომ არ ვუყრი ხშირად).


ჩიტებზე საუბარი ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია. მოდი, ჩემზე მოგიყვებით. სიმაღლე და თმის ფერი ერთნაირი მაქვს. არა, ვხუმრობ. როგორ შეიძლება შავი და 1,71 მეტრი ერთი და იგივე იყოს. ხანდახან მგონია, რომ მარჯვენა და მარცხენა ფეხების ადგილები დაბადების დღიდან შემიცვალეს. დაბადების დღე არ ვიცი როდის მაქვს, არც ის ვიცი რამდენი წლის ვარ (შეიძლება კიდევაც ვიცი). დაახლოებით ვიცი... სადღაც 21-25 წლის შუალედში უნდა ვიყო( სინათლის-მაძებარ ასაკში). საკუთარი ასაკი იმიტომ არ ვიცი, რომ ’’ვიღაცას’’ ჩემი გადარჩენა სურდა. მფრინავი სახლი კი, ამ ყველაფრის დასტურია.
სკოლაში, რომ დავიწყე სიარული, თავი უკვე თინეიჯერი მეგონა. ჭერზე ყურება მიყვარდა, განსაკუთრებით წვიმის დროს. წყლის წვეთები პირდაპირ შუბლზე მეცემოდა (უფრო სწორად მე ვუშვერდი).  ამავდროულად ვხვდებოდი, რომ სხვები ჩემთან შედარებით იდიოტები იყვნენ (ალბათ ჩემი ასაკის გამო). მაშინ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი... შემდეგ კი დავაადდი.
რატომ დავაადდი?


იმიტომ რომ სხვები არც ისე ჭკვიანები იყვნენ. რას ვგულისხმობ? იმას, თუ როგორ არასწორად იგებდნენ ამა თუ იმ მოვლენას, როგორ ცდილობდნენ საკუთარი „ჭკვიანური“ გადაწყვეტილებებით, სხვების სიმპათია დაემსახურებინათ და როგორ ცდილობდნენ გაეყალბებინათ ის, რაც უნიკალური ჰქონდათ. ხომ გეუბნებით იდიოტები იყვნენ მეთქი.
დამეთანხმებით და რთულია მეგობრების ნახვა, მაგრამ უფრო რთული მათი შენარჩუნებაა.  სკოლაში მეგობრობისუნარიანობით ნამდვილად არ გამოვირჩეოდი. პირიქით ნამდვილი მიზანტროპი ვიყავი. რაღაც ახირებით, ყველას ერთი განაჩენი გამოვუტანე და უზარმაზარი ცეცხლი დავანთე მათი სხეულებით, ჭიაკოკონობას. შთაგონება ისტორიის გაკვეთილზე მეწვია, როდესაც ორლეანელი ქალწულის შესახებ მწირი ინფორმაცია მოვისმინე.
დრო გადიოდა. ჩანთა წიგნებით მძიმდებოდა. თვალები კიდევ უძილობით. ხშირად ჩამძინებია მერხზე. ერთ დღეს კი, ძილისას მასწავლებელმა თავში ბოქლომი ჩამარტყა. ალბათ არავის უნდა, რომ ბოქლომის მსხვერპლი რამოდენიმეჯერ გახდეს. განსაკუთრებით მე არ მინდოდა. ამიტომ სახლიდან 5 ლურსმანი წამოვიღე და მერხზე დავაჭედე ისე, რომ ზედ თავის დადება შეუძლებელი ყოფილიყო. ეჰ, ზედმეტად ჭკვიანი ვიყავი.
ქუჩაში, შეუმჩნეველი ვიყავი. ყველა მეჯახებოდა. თავიდან მეგონა ეს დაჯახება რაღაც ახალი წესია მეთქი და მეც დავიწყე ბეჭის გაკვრა ხალხზე. რამოდენიმემ, რომ სიფათი გამილამაზა, იმ დასკვნამდე მივედი, რომ წესები არასდროს დამეცვა.


გაბრაზებულ გულზე გადავწყვიტე შესამჩნევად მევლო. წითელი შარვალი ჩავიცვი, ბინძური შლაპა დავიხურე და მეზობლისგან მოპარული, ძალიან შორს მხედველი ადამიანის სათვალეები გავიკეთე.
შემდეგ უკვე არავინ დამჯახებია...
რაც მართალია, სათვალე ნამდვილად არ მიხდებოდა!
გავიზარდე. გაიზარდა თვალსაწიერი, ჩემი ნაცნობი ხალხის რაოდენობა და ამავდროულად მათი მოთხოვნებიც. მოთხოვნები ულიმიტოა, სამაგიეროდ ჩემი მიწოდების მარაგი არის ლიმიტირებული.
მე როგორც მიმწოდებელი!
...ხშირად მოვალედ მიგრძვნია თავი და “მე“ შემზიზღებია(რა თქმა უნდა მომთხოვნიც), მიმიწოდებია ისე, რომ მათ მოთხოვნაზე საერთოდ არ დავფიქრებულვარ (ჰუმანურობისდა გამო). ხშირად კიდევ ისე მიმიწოდებია, როგორაც მოუთხოვიათ.
კარგი... თქვენ კითხვასაც გავცემ პასუხს.
მე არ მომითხოვია არასდროს. იმიტომ, რომ მე უფრო ჭკვიანი ვარ.

სანაგვეში არ გადამიყვეს
დავახარისხე, კატეგორიებად დავყავი ყველა და ყველაფერი. ასე უფრო მარტივია... თან შედეგიც მალე დავინახე. მთავარია გვერდზე დიდი სანაგვე ყუთი დაიდგათ.
ადამიანები უნდა დაახარისხო, თუ გსურს, რომ ხარისხიანი იყო.
საგნებიც უნდა დაახარისხო, თუ გსურს, რომ კიდევ უფრო დაჭკვიანდე.
სულ მცირე ოდენობის ახლობელი ადამიანების დახარისხებით გითხრათ რა მივიღე?
1.    ადამიანი რომელიც ნეგატიური ემოციებით მავსებს.
2.    ადამიანი რომელიც უფრო მეტი ნეგატიური ემოციებით მავსებს.
3.    ადამიანი რომელიც მოთხოვნა-მიწოდების კანონის აზრზე არ არის.
4.    ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ ჭკვიანია.
5.    ადამიანი რომელიც ფიქრობს, რომ #4-ზე უფრო ჭკვიანია.
6.    ადამიანი რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანების გამოყენება მარტივია.
7.    ადამიანი რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.
8.    ადამიანი რომელიც გოგლიმოგლია.
ჩემთვის მარტივია იმის აღიარებაც, რომ სანაგვე ყუთში თავადაც  ხშირად აღმოვჩენილვარ.  
რატომ?
-ალბათ იმიტომ, რომ ადამიანის უარყოფითი მხარე თუ არ ვიცით, მაშინ მის დადებითსაც ვერ დავაფასებთ.


პასუხი მარტივი ჩანს, მაგრამ ამ დასკვნამდე მისასვლელად, ბევრი ჩაბნელებული ქუჩის გავლა მომიხდა.
ისევ მოფრინდნენ (ჩიტების ყველა გზა ჩემთან მოდის)... დღეს, უკვე საჭმლის დაყრას აღარ ვაპირებ.... ჩემი მფრინავი სახლით კი გეზს თბილი ქვეყნებისკენ ავიღებ.
დამავიწყდა მეთქვა, რომ სიცივეც მალე მღლის.
სუნთქვა და სიარული.
ღრუბლების ყურებაც კი.
და საერთოდ ძალიან დაღლილი ადამიანი ვარ.



 *Original song, written by Oasis