Translate

Friday, July 6, 2012

დაიძინეთ!!!


 მოჩვენებები ტრანსით ცეკვავენ. ოთახი სადაც ეს ხდება ბნელი და მყუდროა.
 მეორე ოთახიდან კი როიალის ტკბილი ხმა გამოდის და ამ მყუდროებას იდუმალებით ავსებს. ყველა ნოტი ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, ეალერსება და წარმოქმნის შიშს. თაგვებიც კი ცეკვავენ თავიანთ პატარა სოროებში. მუხის კარადა მძიმედ გდია გაყვითლებულ იატაკზე. ნესტისა და ხის სუნის სინთეზი გვახსენებს წარსულის მოგონებებს. შლის, აფრიალებს მათ, და ისევ ქვეცნობიერში აბრუნებს. გაუგებარია კლავიშებს ვინ ეხება. გაუგებარია ვინ აჭერს პედალს ფეხს და მძაფრად გვაგრძნობინებს მუსიკის ვნებას, ფორტეს. კარის ჭურჭრუტანიდან კარგად ჩანს ყველაფერი.
ფრთიანი არსებები უხმოდ ესაუბრებიან ერთმანეთს, უხმოდ იცინიან და უხმოდ ჭამენ. თითქოს მათი მოძრაობისა და მიხედვით იქმნება ტემპი, ტემპი სისხლისგამყინველი მუსიკის. გასაოცარია, ისინი იცინიან და კლავიშები სტაკატოებს თავისით, იდეალურად აკეთებენ.
აგერ კაპიუშონიანი ტიპებიც გამოჩნდნენ. შავი ძონძები აცვიათ, ხელში პასტა და ფურცელი უჭირავთ. თითოეული კონტაქტი პასტისა და ფურცლის, ქმნის გამას. დაუვიწყრად შესრულებულ გამას. კლავიშების ნაზი, თან უხეში მაგრამ ამავდროულად კანონზომიერი მოძრაობა გვაგრძნობინებს დასასრულისა და დასაწყისის არსებობას. გამა წკრიალებს, ხრიალებს შემდეგ კი კვდება. პასტაშიც მელანი გათავდა და ფურცელიც შეივსო. ძონძებიანებმა მეჯლისი დატოვეს და სიბნელის თანამოაზრენი გახდნენ.
კარებზე ფხაჭუნი ისმის, თეთრი კატა ზლაზვნით მოაპობს მტვრის ნაკადსა და კიდევ უფრო მტვრიან ხალიჩაზე წვება, სადაც წეღან მოჩვენებები ცეკვავდნენ.
წუილი ისმის, საშინელი წუილი. ეს ქარი არ არის, კოღოა. ფისო ტყლარჭვით დგება და კარადის კუთხეს მთელი სხეულით ეხახუნება. კოღო ისევ წუის. კატამ ოთახი დატოვა. მოჩვენებებმა თავი ჩუმად გამოყვეს კარადიდან და თვალგანაბულებმა ყური მიუგდეს დაუსრულებელი მუსიკის ხმას (არადა წეღან მოუსმინეს). მათაც „ლომკა“ აქვთ.
ხმაურობს მთელი კუთხე-კუნჭული. სახლის პატრონი დაბრუნდა. სახლში ყოველი „ადგილი“ თავის ადგილზე ბრუნდება, და ზეიმობს ქაოსი.

წყლის ხმა, თეფშისა და დანა-ჩანგლის ხმა, სიმართლისა და ტყუილის არსებობა, ისაკუთრებს იდილიას. ომი ორ სხვადასხვა სამყაროს შორის არასდროს დამთავრდება, ომი ორ სხვადასხვა სამყაროს შორის სხვა სამყაროს ანადგურებს, ომი ორ სხვადასხვა სამყაროს შორის გამარჯვებულს ვერ ავლენს. ომი იწყება ანუ იწყება დაუსრულებლობა.„ხმა“ კივის, ჭრაჭუნებს, კრუტუნებს, ახველებს, ხვნეშის, კვნესის. ქაოსი და წესრიგი. ომი დაიწყო, ხელახლა, ისევ.
ფრთებიანები ბრუნდებიან და არაბუნებრივად, მარიონეტებივით მოძრაობენ. ძველ თოჯინებს გვანან. თითქოს კონკიას გერებმა სახით ურტყეს ძირსო. ძონძიანები ხელში პასტა-ფურცელ მომარჯვებულები უბედურებაზე აგებულ პოემას წერენ. აგრძნობინებენ მზეს, მთვარეს და ფრთებიანებს ჩვენ ვქმნით გამასო. სილამაზე ბოროტის გარეშე სიმახინჯეაო, სიბინძურე ნაგვის გარეშე სისუფთავეო.
ფრთებიანებს ფეხები სტკივათ და ახლა უკვე მუხლებით ცეკვავენ. ცრემლები მოსდით და ძონძებიანებს არ ეპუებიან.
უბედურება სამყაროს დასარულიცაა და დასაწყისიც.
ნივთები ქმნიან სამყაროს და არა პირიქით.
მზემ მთვარე დააორსულა, მაგრამ მამის მოვალეობის შესრულებას არ აპირებს.
ფესვები ხის ტოტები არიან რომლებმაც ყველაზე დიდი მოვალეობა იკისრეს, რასაც ადამიანის სულზე ვერ ვიტყვით.
გონება და გული ორივე „გ“ ზე იწყება და ამის მეტი საერთო არაფერი აქვთ.
იასამნისფერი მწვანეზე შეყვარებული ლურჯია.
ლოცვა იმედია, უფრო სწორედ გამამხნევებელი სიტყვები რომელსაც უბედურება გვკარნახობს ხშირ შემთხვევაში...
BMW გასპორტულებული Mercedes-ია.
მიწაც გამშრალი ტალახია.
მგელობანას თამაშს მოვრჩით, ყველანი დაგიჭირეთ.
ეხლა ისევ ძონძებს ჩავიცვამ და ფურცელზე პასტით ძალიან მუქად დავწერ.
„დასასრული არ არსებობს“
დილით ბედნიერი ვიყავი რომ თქვენ ეგეთ კარგ სიზმრებს ვერ ხედავთ.


No comments:

Post a Comment