Translate

Sunday, July 8, 2012

კატის ეფექტი...



სიმართლე ფრთებმოტეხილი ტყუილია, რომელსაც გასაქანი არასად არ აქვს. სიმართლე ჯალათია, ყოველთვის ჩუმად მყოფი მაგრამ საშიში. სიმართლე ტყუილის აღსასრულია. სიმართლე ნაგვის ქექვაა სხვა არაფერი.
ამ აზრებით მოვშორდი, განთიადის სინათლეს, თვალებ-აჭრელებული დავდიოდი  ტალახიან ბილიკზე. ბილიკს ირგვლივ ლამაზი, გამჭოლი მდელო ეკრა. ყვავილებით მოფენილი. სასაფლაო თითქოს ახლოს იყო, მაგრამ ამავდროულად კაცს მისვლა გაუჭირდებოდა. სიცივე ყურებში საგალობლებს მიმღეროდა, ძალა-გამოცლილი მზე კი ნაზად მეხებოდა გაწითლებულ ცხვირზე. ჩრდილი იყო მთლიან სამყაროზე. მარტო ჩემი სახე ჩანდა ამ ჩრდილებში. მივაბიჯებდი იქ სადაც არ ვიცოდი რა ხდებოდა, მივაბიჯებდი იქ სადაც შეიძლება მკვდრისთვის განკუთვნილი ორმო ყოფილიყო, მივაბიჯებდი ნახევრად გაუთოვებულ სამყაროში. (უთო გადაიწვა ბოლომდე ვერ შევძელი). ტყეში მივდიოდი, ტყე ხომ მწვანე სამყაროა რომელიც შეიძლება ყავისფრად და შავად იქცეს, ტყე ხომ ლამაზი დასაწყისის და მახინჯი დასასრულის ერთობაა, მე იქ მივაბიჯებდი. უშიშრად. ბევრი ტყე გამოვიარე, ბევრ ორმოში ჩავარდი. ბევრი ბოროტი მგელიც მოვკალი, მოწამლული ხორცი ვაჭამე.
ტყეში სივრცე არ იგრძნობა, მზეც არ ჩანს. მხოლოდ ტყის ჩრდილს დაინახავ სხვას ვერაფრისას ან არაფრისას. ფეხები ჩემდაუნებურად მოძრაობენ, მოვწყდი გრავიტაციის ძალას, შემიძლია ავფრინდე მაგრამ არ მინდა. მარტო ვარ და ადამიანები გამახსენდნენ. სხვაც კიდევ ბევრი რამ გამახსენდა... ხეების ფესვებს ვხედავ ერთმანეთზე გადახლართულს. არაფერი იციან, და ვერც ვერასდროს გაიგებენ. ყველა ურთიერთობა სიმართლის და ტყუილის ნაზავია. ორივე ერთად ქმნის დიდებისკენ მიმავალ გზას. თუ ადამიანი ხარ უნდა მიხვდე მხოლოდ სიმართლე შენ არსებობას მოსპობს და შენდაუნებურად ტყუილში დაგაბრუნებს.(და თან სხვების ტყუილში) შენი იალქნები მაშინ არის ყველაზე კარგად გაშლილი როცა მას შენ შლი და არა სხვა ბორტზე მყოფი პიროვნება.

ტყე ისეთივეა როგორც ზღვა. ფერებიც კი თითქმის ერთნაირი აქვთ. ტყეში უამრავი ეკალია, უამრავი წვეტიანი ქვა რომელზეც შეიძლება მოულოდნელად ფეხი გაიჭრა. ზღვაშიც ეგრეა უბრალოდ ვერ ვხედავთ. მე იალქნები დროზე ადრე გავშალე. მწვანე ბურთები ჯიბეში მიყრია მაგრამ ვერცერთის გადაყლაპვას ვერ შევძლებ... მეშინია ალბათ მალე გათავდება. და ისევ მომიწევს თვალებ დათხრილს სიარული. ნუთუ თხუნელები როგორ გრძნობენ თავს უთვალებოდ. ალბათ ეგ მათთვის ღმერთის საჩუქარია, რომ ვერასდროს დაინახონ ვერც ცუდი და ვერც კარგი, და ცხოვრება მხოლოდ გვირაბის თხრაში გაატარონ, მართალია ვერასდროს დაინახავენ გვირაბის ბოლოს, მაგრამ მისი გამოჩენის იმედით გააგრძელებენ ცხოვრებას.
ადრე თუ გვიან თხუნელობა ყველას გვბეზრდება. რაც სიმართლე გვგონია სიცრუე აღმოჩნდება. სიცრუე კი ჯიუტად ისევ  სიცრუედვე რჩება.
ტყიდან ჰორიზონტზე გადავედი, მის ხაზზე თავისუფლად დავდივარ.თვალებდახუჭულიც. წინ და წინ მივიწევ და ცაზე ავდივარ, ღრუბლებს ვუერთდები. ჯიბიდან ნელ-ნელა ვაბნევ მწვანე ბურთებს. ვყრი და ვყრი მიწაზე. ბევრს. ჯიბე ისევ მევსება და ისევ ვყრი.
როცა დავიღალე უკვე მიწაზე ვიყავი და ფეხი კისერზე მედო. დასაბამი არ არსებობდა, და ცეცხლის რგოლში ვიჯექი. ოფლი მდიოდა მთელ ტანზე.
დავბრუნდი ტყეში, მიწაზე ვიყავი გაკრული და შენ გვერდით ვიწექი. ტკბილი სუნი აგდიოდა. სველი მაიკიდან ლამაზად გიჩანდა ძუძუს კერტები. ძალიან ნელა შევეხე. ჯერ ერთს მერე მეორეს. შენც სულ ოფლიანი იყავი. თეთრი საცვალი სულ დაგსველებოდა. საცვლის მარცხენა მხარეს ხელს ვყოფ. მიყვარს სისველე. შენი სუნი. გეხები. და მეორე რეალობაში გადავდივარ. სიცრუეში.
ჩვენ სიმართლის ნაწილები ვართ, ტყუილი ელემენტებით აწყობილი.
ჩვენ გინესის რეკორდების წიგნში პირველ ადგილზე ვართ ტყუილის თქმაში.
მეგობრობა ტყუილის გარეშე არ არსებობს.
ნათქვამი ტყუილად წარმოვიდგინე და გავიგე სიმართლე.
მჯერა ტყუილიც და სიმართლეც.
არარაობას ქალი კი არა ტყუილი უნდა ერქვას
ყველაფერი გვატყუებს, ვრჩებით ტყუილში და მის გისოსებს ვკეტავთ.
სისხლიც კი შეღებილი წყალია
 ყველა კინო ტყუილია, ყველა წიგნი ტყუილია, ყველა ადამიანი ტყუილია, სამყარო ტყუილია.
მე სიმართლის კარი დროზე ადრე შევაღეთ
და იქაც ტყუილი დაგვხვდა.
მე ჩუმი სიმართლე ვარ.
ციფ ციფ ციფ!!!
ისევ ჩემ კატას ვეძებ...




No comments:

Post a Comment